მიხეილ კალანდიას თავისუფლების 11 წლით და 3 თვით აღკვეთა მიესაჯეს
25/02/2020 08:51:25 სამართალი
ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას თავისუფლების 11 წლით და 3 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მიხეილ კალანდიას ოჯახი ხსენებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ დღევანდელ ვერდიქტს გაასაჩივრებს.
„პროკურატურის, სასამართლოს, შსს-ს და „ოცნების“ ინტერესი იყო, რომ თავიანთი გაფუჭებული ვერ გამოასწორეს და ყველაფერი ჩემს შვილს შეტენეს, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს. დღევანდელ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ თენგიზ კალანდიამ.
როგორც მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა:
"დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, რადგან თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები. პროკურატურა მმართველი პარტიის მიერ იმართება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუ შედეგი არ ექნება, სტრასბურგშიც წავიღებთ და სამართლიანობას აღვადგენთ".
ცნობისთვის: თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს კლინიკაში დაიღუპა.
მომხდარიდან მალევე სამართალდამცველებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჯანაშია, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კი გუგა ბარბაქაძე დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას - თავისუფლების 9 წლითა და 9 თვით აღკვეთა მიესაჯა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს – 10 წლითა და 6 თვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეებმა გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ სცნეს დავით სარალიძის ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად მკვლელობაში. მას სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლითა და 3 თვით აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ სცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების 11 წლითა და 3 თვით აღკვეთა შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა უზენაესში გაასაჩივრეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. მას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ თავისუფლების 8 წლით აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს.
რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და იგი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა.
2019 წლის 4 ივნისს სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას პატიმრობა იმავე წლის 6 ივნისს შეეფარდა.


