კორონავირუსის გამო ირანიდან თურქეთში მიმავალი თვითმფრინავი სტამბოლის ნაცვლად, ანკარაში დასვეს
25/02/2020 11:24:20 მსოფლიო
კორონავირუსის გამო ირანიდან თურქეთში მიმავალი თვითმფრინავი სტამბოლის ნაცვლად, ანკარაში დასვეს.
როგორც CNN თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნიბით იუწყება, ბორტზე მყოფი 17 ადამიანიდან 12-ს - ირანის მოქალაქეებს სავარაუდოდ, კორონავირუსი აქვთ.
„თეირანიდან მომავალი თვითმფრინავი სტამბოლში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ რადგან სტამბოლის აეროპორტი ერთ–ერთი უდიდესია მსოფლიოში, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჰაერო ხომალდი ანკარაში დაგვესვა“, – განუცხადა CNN–ს წყარომ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ირანთან საზღვარი გასულ კვირას ჩაკეტა. თუმცა თურქეთის ავიახაზების განცხადებით, ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა სრულად 10 მარტიდან შეწყდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.


