შოტლანდიაში ქალებისთვის პირადი ჰიგიენის ნივთები უფასო იქნება
26/02/2020 13:30:07 მსოფლიო
შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, სადაც ქალებისთვის პირადი ჰიგიენის ნივთები უფასო იქნება. შესაბამის კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით (112 არც ერთის წინააღმდეგ) მხარი უკვე დაუჭირა. თუმცა კანონის ძალაში შესვლისთვის მისი მეორედ მოსმენით მიღებაცაა საჭირო.
შოტლანდიელი დეპუტატების თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ პირადი ჰიგიენის ნივთები აფთიაქებში, ღამის კლუბებში, სავაჭრო ცენტრებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალურად გამოყოფილ ლოკაციებზე.
სახელმწიფო აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან წელიწადში 31.2 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს.
ცნობისთვის: შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც სკოლებში, კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პირადი ჰიგიენის საგნები უფასოა. შესაბამისი კანონი ქვეყანამ 2018 წელს მიიღო.


