ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ ჩინოსანს დაუდასტურდა
27/02/2020 10:05:28 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ ჩინოსანს გამოუვლინდა. ამჯერად იგი ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ მოჯთაბა ზულნუს აღმოაჩნდა.
პარლამენტარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.
"საშიში არაფერია, საკარანტინო რეჟიმში ვიმყოფები" - წერს ირანელი პარლამენტარი.
ცნობისთვის: მანამდე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება სხვა ირანელ პარლამენტარს დაუდგინდა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობაც ასევე შემცირებულია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ 81 000–ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.


