ჩეჩნეთში ტუმსო აბდურახმანოვის ინტერნეტ-მეგობრების დაკავება დაიწყო
27/02/2020 16:23:10 სამართალი
ჩეჩნეთში ოპოზიციონერ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის ინტერნეტ-მეგობრების დაკავება დაიწყო.
«Кавказ.Реалии»-ს ცნობით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს სულ მცირე, 9 ახალგაზრდა, რომლებმაც ტუმსოს ინტერნეტში განთავსებული ბოლო ბლოგი მოუწონეს.
ინტერნეტ-გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთის შსს ვინმეს დაკავებას კატეგორიულად უარყოფს, დაკავებულთა ნათესავები კი დაშინებულები არიან და კომენტარზე უარს აცხადებენ.
ცნობისთვის: გუშინ [26 თებერვალს] უცნობი პირი თავს დაესხა ევროპაში მყოფ ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს. ვიდეო, რომელიც გაუვნებელყოფილ თავდამსხმელს ასახავს, თავად აბდურახმანოვმა გადაიღო.
აბდურახმანოვი აქტიურად უპირისპირდება ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის რეჟიმს, რის გამოც მას თავის დროზე ჩეჩნეთის დატოვება მოუწია.
გარკვეული დროის განმავლობაში იგი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოფიციალური თბილისის ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.


