"რუსეთმა იდლიბში თურქ სამხედროებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია ათობით ჯარისკაცი"
27/02/2020 20:27:35 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა სირიის იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია ათობით ჯარისკაცი, – იუწყება თურქული მედია.
მისივე ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 5 მარტს სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავდა. თუმცა როგორც მოგვიანებით კრემლში აღნიშნეს, "პუტინს სხვა სამუშაო გეგმები აქვს“.
სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 9 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
- თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. ამ დღეებში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეიკავოს.
- სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.


