ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა
27/02/2020 21:03:29 მსოფლიო
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში გაორმაგდა და 38-ს შეადგენს. აღნიშნულს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ე.წ. საკონტაქტო პირების იდენტიფიცირებით ხსნის, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კავშირი.
38 ინფიცირებულიდან 2-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა, 12 პაციენტი კი განიკურნა. საავადმყოფოში მკურნალობას ამ დროისთვის 24 პაციენტი განაგრძობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო ორ საათში ინფიცირების კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დასავლეთ გერმანიაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 400–მდეა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, "COVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.
"COVID-19“ უკვე მსოფლიოს 45–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს


