აშშ-ში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
02/03/2020 04:29:48 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ-იორკში. ინფიცირებული 30 წლის ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ირანიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 073-მდე გაიზარდა. აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება. ვირუსით გარდაიცვალა 3 044, გამოჯანმრთელდა 45 064 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა ფიქსირდება, შემდეგ მოდის იტალია 1 694-მდე ინფიცირებულით. ირანში ოფიციალურად 978 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, თუმცა მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.


