პუტინი ქორწინების კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვრას გეგმავს
02/03/2020 16:52:29 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს. ამასთან, კანონპროექტში, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობას გადაუგზავნა, ნახსენებია ღმერთიც, - იუწყება რუსული მედია.
„რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათასობით ხალხების ისტორიებს აერთიანებს, ინახავს წინაპრების ტრადიციებს, იდეალებსა და ღვთის რწმენას,“ – ნათქვამია კანონპროექტში, რომლის შინაარსიც ჟურნალისტებს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა გააცნო.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა კონსტიტუციაში ამ თემაზე ცვლილებების მზადების შესახებ ჯერ კიდევ 13 თებერვალს განაცხადა.
„უნდა განვსაზღვროთ ზოგიერთი რამ: ქორწინება – ეს არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, ოჯახი კი ოდნავ განსხვავებული რამაა… […] რაც შეეხება „მშობელ №1“-სა და „მშობელ №2-ს, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: სანამ პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი” და “მეორე“ მშობელი – გვეყოლება დედა და მამა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრისას.
ცნობისთვის: ამ დროისთვის რუსეთი ერთსქესიანთა ქორწინებას არ აღიარებს.


