ჩინეთში 98 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
03/03/2020 06:37:48 მსოფლიო
ჩინეთში 98 წლის ქალი ახალი ტიპის კორონავირუსისგან („COVID-19“) განიკურნა. უხანის საავადმყოფოს მედიკოსების განცხადებით, ჰუ ჰანინგი კლინიკაში 13 თებერვალს მწვავე პნევმონიითა და გულის უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს. 14 თებერვალს მას „COVID-19“ დაუდასტურდა. ჩინელი ექიმების თქმით, მკურნალობის შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას კორონავირუსზე ტესტი 2–ჯერ ჩაუტარეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი დადასტურდა.
ჰუ ჰანინგი 2 მარტს კლინიკიდან გაწერეს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.


