უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
03/03/2020 09:51:47 მსოფლიო
უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც უკრაინაში რუმინეთის გავლით იტალიიდან ჩავიდა. პაციენტი კარანტინშია მოთავსებული.
მანამდე ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა უკრაინის ორ მოქალაქეს, რომელიც იაპონურ ხომალდ "Diamond Princess"-ის ბორტზე იმყოფებოდა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.


