იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა
03/03/2020 15:31:40 მსოფლიო
იტალიის ქალაქ კომოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა, – იუწყება იტალიური მედია.
მისივე ცნობით, მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა სამართალდამცველებს შეატყობინა. კარაბინიერებმა პაციენტი პალატაში დააბრუნეს და მას მთავრობის დადგენილების დარღვევისთვის ბრალიც წაუყენეს. მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას ის გაუწევს.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2036.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.
ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


