პოლონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
04/03/2020 08:26:41 მსოფლიო
პოლონეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, ირანში – 77, ხოლო სამხრეთ კორეაში – 31.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


