რა იცის ამ დროისთვის COVID-19-ის შესახებ მსოფლიომ
04/03/2020 08:39:47 მსოფლიო
ახალი ტიპის კორონავირუსისგან სიკვდილიანობა დაახლოებით 3,4%-ს შეადგენს, მაშინ, როცა სეზონური გრიპის შემთხვევაში ის, როგორც წესი, 1%-მდე არ აღწევს, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადხანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
"მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები გარდაიცვალნენ COVID-19-ის გაცხადებული შემთხვევების დაახლოებით 3,4%-ში. შედარებისთვის, სეზონური გრიპი, როგორც წესი, 1%-ზე ნაკლებს კლავს", - განმარტა მან.
როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსი არ წარმოადგენს ატიპურ პნევმონიას, ახლოაღმოსავლურ რესპირატორულ ვირუსს ან თუნდაც გრიპს:
"ეს უნიკალური ვირუსია, თავისი განსაკუთრებული თვისებებით. COVID-19-იცა და გრიპიც სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს და ერთნაირად – დაავადებულის ცხვირიდან ან პირიდან სითხის ნაწილაკებით ვრცელდება. თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: COVID-19 არ ვრცელდება ისევე ეფექტურად, როგორც გრიპი: გრიპის შემთხვევაში განსაკუთრებულ საფრთხეს ვირუსის მატარებლები წარმოადგენენ, რომლებიც ჯერ არ დაავადებულან, ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევაში კი ვითარება განსხვავებულია. გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებულთა მხოლოდ 1%-ს არ აქვს ან 2 დღის განმავლობაში უვლინდება დამახასიათებელი სიმპტომები”.
ამასთან, მისივე თქმით, ადამიანებს ჯერ ვერ გამოუმუშავდათ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, ამიტომაც იგი უფრო ხშირად მიმდინარეობს გრიპთან შედარებით, სერიოზული ფორმით.
"ეს განსხვავებები იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ს ზუსტად იგივე მეთოდებით ვერ ვუმკურნალებთ, როგორც გრიპს. თუმცა არის ბევრი მსგავსებაც", - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ჯანმო-ს შეფასებით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიოს ყოველთვიურად 89 მილიონი ცალი დამცავი ნიღაბი, 76 მლნ წყვილი ხელთათმანი და 1,6 მლნ წყვილი სათვალე დასჭირდება.


