ევროკავშირის ოფიციალურ პირს კორონავირუსი დაუდგინდა
04/03/2020 12:16:00 მსოფლიო
ევროკავშირის ერთ–ერთ ოფიციალურ პირს, რომელიც ბრიუსელში ევროპული თავდაცვის სააგენტოში მუშაობს, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაციის პრეს–სპიკერი დანა სპინანტი ადასტურებს, თუმცა ინფიცირებული მამაკაცის ვინაობას არ ასახელებს.
არსებული ინფორმაციით, ევროპული თავდაცვის სააგენტოს თანამშრომელი ბრიუსელში იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით 13 ადამიანია ინფიცირებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.


