იტალიაში სასწავლო პროცესი შეწყდა
04/03/2020 19:53:40 მსოფლიო
იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, უნივერსიტეტებსა და სკოლებში მინიმუმ, 15 მარტამდე სასწავლო პროცესი შეწყდა.
აქამდე დახურული იყო სასწავლო დაწესებულებები მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად სხვა საგანგებო ზომებზეც მსჯელობს.
იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რაოდენობა კი 2502-დან 3089-მდე გაიზარდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ განაცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მისაღებად მთავრობა სპეციალურ განკარგულებას ამზადებს.
„ეფექტიანობის მიუხედავად, ჩვენი საავადმყოფოები გადატვირთვის საფრთხის წინაშეა. გვაქვს პრობლემები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.


