Accentnews.ge
ერდოღანმა კლიტე გახსნა. ემუქრება თუ არა ევროპას მიგრაციის ახალი ტალღა?

ერდოღანმა კლიტე გახსნა. ემუქრება თუ არა ევროპას მიგრაციის ახალი ტალღა?

05/03/2020 09:25:16 მსოფლიო

"ეს არის თურქეთის თავდასხმა საბერძნეთსა და ევროკავშირზე. ადამიანებს იყენებენ ევროპაზე ზეწოლისთვის… ევროკავშირი შანტაჟს არ უნდა დაემორჩილოს. შემიძლია, ერთი ვთქვა: თუ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა ვერ მოხერხდება, ევროპა შიდა საზღვრების გარეშე წარსულს ჩაბარდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა 2015 წელი არ განმეორდეს". ამ ხისტი განცხადებით გამოვიდა ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი 3 მარტს, მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ანკარა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილების ევროპისკენ გადაადგილებას ხელს აღარ შეუშლის. "ისინი ბევრნი არიან და კიდევ უფრო მეტნი იქნებიან. მათი რაოდენობა მილიონებით განისაზღვრება", – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ვინ მოდის?

მართლაც, თურქეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 3,5-და 4 მლნ-მდე ლტოლვილი იმყოფება, უმთავრესად მეზობელი სირიიდან, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი გრძელდება. თუმცა ერდოღანის განცხადების შემდეგ თურქეთთან საზღვრის მქონე ევროკავშირის უახლოესი ქვეყნების - საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ არა მილიონები, არამედ მხოლოდ 10-25 ათასი ადამიანი დაიძრა (თუმცა ანკარამ 117 ათასი დაასახელა).დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ადგილზე მყოფი კორესპონდენტების ცნობით, მათ შორის არიან სირიელებიც, თუმცა გაცილებით მეტია ლტოლვილი ავღანეთიდან, ირანიდან და ერითრეიდან.

«თურქეთის ხელისუფლების განცხადებამ "მიგრანტების იმ ნაწილის მეტი ყურადღება მიიპყრო, ვისი სტატუსიც თურქეთში განსაზღვრული არ არის და ვისაც შესაძლოა, დეპორტაცია ემუქრებოდეს, ვიდრე სირიიდან ლტოლვილების", – განაცხადა «Bloomberg»-თან ინტერვიუში სტამბოლის თურქულ-გერმანული უნივერსიტეტის პროფესორმა, მიგრაციის საკითხთა სპეციალისტმა მურათ ერდოღანმა. მისი განმარტებით, სირიელებმა თურქეთში მეტ-მაკლებად მოიკიდეს ფეხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს, სტამბოლსა და სხვა თურქულ ქალაქებში გაჩნდა მთელი სირიული კვარტლები გამალებული ვაჭრობით. ბოლო 9 წლის განმავლობაში თურქეთში სირიიდან ლტოლვილებს 0,5 მილიონამდე ბავშვი ეყოლათ. ამავე დროს, სირიული თემის ზრდის პარალელურად, მისი სიტუაცია უარესდება: ლტოლვილების უმრავლესობას არ გააჩნია სამედიცინო დაზღვევა, უჭირს სამსახურის პოვნა, ბევრ ბავშვს განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს.

მიუხედავად ამისა, არსებული ვითარება ევროკავშირის ქვეყნებში დიდ შეშფოთებას იწვევს. ყველაზე მეტად კი საბერძნეთია შეშფოთებული, რომელიც მიგრანტების ახალ ტალღას უშუალოდ აწყდება. სამშაბათს გაჩნდა ცნობები ეგეოსის ზღვაში სირიელი ბავშვის დაღუპვის შესახებ მას შემდეგ, რაც ნავი, რომელშიც ლტოლვილთა თითქმის 50-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, ამოტრიალდა. დანარჩენები ბერძნულმა სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიგრანტთა ნაკადი ეგეოსის ზღვაში ბერძნულ კუნძულებზე თითქმის გაოთხმაგდა – დღე-ღამეში 150–200 კაციდან 500–800-მდეა გაზრდილი.

სააგენტო AFP-მ მოახერხა დაკავშირება ამ რაიონში მომუშავე პირებთან, რომლებიც ადამიანების გადაყვანით არალეგალურად არიან დაკავებულები. მათი თქმით, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან მანამდე არსებული უმკაცრესი კონტროლი პრაქტიკულად მოხსნილია, რის შედეგადაც კონტრაბანდისტებმა ფასები დაწიეს: თუ ადრე ისინი თითოეული მიგრანტისგან საბერძნეთში გადაყვანაში $200–300-ს ითხოვდნენ, ახლა ეს «სიამოვნება» სულ $1 –20 ჯდება.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის სახმელეთო საზღვარზე დაძაბული ვითარება ნარჩუნდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად დაადანაშაულა ბერძენი მესაზღვრეები იმაში, რომ ცეცხლი გაუხსნეს მიგრანტებს, რომელთაგანაც ორი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. ბერძნული მხარე ამას კატეგორიულად უარყოფს და საპასუხო ბრალდებებს უყენებს თურქეთის ხელისუფლებას იმაში, რომ იგი საზღვრამდე ლტოლვილების ავტობუსებით მიყვანის ორგანიზებას ახდენს და მათ სპეციალურ მაკრატლებსაც ურიგებს მეტალოღობის გასაჭრელად. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღებას ერთი თვით წყვეტს და დაიმუქრა:

«არავის აქვს საბერძნეთის საზღვრის [არალეგალურად] კვეთის უფლება. ყველა, ვინც ამას შეეცდება, იქნება შეჩერებული. თურქეთის ხელისუფლების მიერ დასახელებული რიცხვები არაზუსტია და შეცდომაში შევყავართ".

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს როგორც თურქეთი, ისე საბერძნეთი. პირველი – ლტოლვილების პოლიტიკური წნეხის ბერკეტად გამოყენებისთვის, მეორე – მის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველ ადამიანებთან ხისტი მოპყრობისა და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღების შეწყვეტისთვის. “Human Rights Watch”-ის დამკვირვებელთა შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

კიდევ ვის შეუძლია, მოვიდეს?

ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა საბერძნეთსა და ბულგარეთს (ამ უკანასკნელის მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საბერძნეთისკენ). ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, კერძოდ, განაცხადა:

«მე მხარს ვუჭერ საბერძნეთის ძალისხმევას ევროპული საზღვრების დასაცავად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ადგილზე მოვლენათა განვითარებას. საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავალ".

ამ დღეებში საბერძნეთსა და თურქეთში ევროპის კავშირის ლამის მთელი ხელმძღვანელობა გაემართა: შარლ მიშელის გარდა, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული დიპლომატიის შეფი ჟოზეფ ბორელი და ევროკომისიის წევრი, საგანგებო სიტუაციათა კურატორი იანეზ ლენარჩიჩი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები ვერტმფრენიდან შეათვალიერა და განაცხადა:

“ბრიუსელელი ხელმძღვანელობის ვიზიტი დასრულდა მისი დაპირებით, საბერძნეთს საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად 700 მლნ ევრო გამოუყოს”. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ამ ქვეყანას “ევროპის ფარი” უწოდა.

ევროპელი ჩინოსნები შეშფოთებულები არიან, რადგან ესმით: ევროკავშირში ლტოლვილთა ტალღის შედინების მთავარი საფრთხე მათ არა იმ ნაწილს უკავშირდება, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან, არამედ მათ, ვინც ჯერ კიდევ სირიაში, ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში – სირიული ოპოზიციის მიერ რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბოლო კერაში იმყოფება. გასული წლის ბოლოს ერდოღანმა, რომელიც ასადის მოწინააღმდეგეებს უჭერს მხარს, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში ჯარები შეიყვანა და განაცხადა, რომ არსებობს განზრახვა, იქ ბუფერული ზონა შეიქმნას, რომელიც მისი ქვეყნის საზღვარს მიებჯინება.

თუმცა ასადსა და მის მფარველებთან – მოსკოვსა და თეირანთან გამყოფი ხაზის შესახებ შეთანხმების მიღწევა ჯეროვნად ვერ მოხერხდა. სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსული ავიაციის მხარდაჭერით იდლიბზე შეტევა წამოიწყეს. თებერვალში თურქებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს. ამ მოვლენების შედეგად იქცა ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა: თურქეთის საზღვართან ძალზე ცუდ პირობებში შეჩერდნენ ახალი ლტოლვილები სირიის იმ რაიონებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ასადის ჯარებმა დაიკავეს. ერდოღანს ამ ადამიანების თურქეთში შეშვების განკარგულება ჯერ არ გაუცია. თუ გასცემს - სრულიად შესაძლებელია, მხოლოდ იმისთვის, რომ ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადი ევროპისკენ გაატაროს.

ვინაა დამნაშავე?

თურქეთის პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი ევროკავშირის მიერ თურქეთთან 2016 წელს მიღწეული შეთანხმების პირობების არშესრულებაში მდგომარეობს. მაშინ ბრიუსელი ანკარას ლტოლვილების შესანახად 6 მლრდ ევროს, თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის საფეხურებრივ გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებას დაჰპირდა იმის სანაცვლოდ, რომ ანკარა ევროპაში მიმავალ მიგრანტებს არ გაატარებდა. ეს შეთანხმება იქცა რეაქციად 2015 წლის სამიგრაციო კრიზისზე, რომლის დროსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 1,5 მლნ ლტოლვილი და არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. თურქეთთან შეთანხებისა და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერების წყალობით ე.წ. “ბალკანური ბილიკი” – გზა, რომლითაც ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიემართებოდნენ, მეტწილად გადაიკეტა.

ახლა რეჯეფ ერდოღანი ევროპელ ლიდერებს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ არ შეასრულეს არა მარტო ის პირობები, რომელიც თურქეთ-ევროკავშირის დაახლოებას ეხება (რაც რეალურად, საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო, თუ გავითვალისწინებთ თავად ერდოღანის რეპრესიულ პოლიტიკას 2016 წლის ზაფხულში თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ), არამედ დაპირებული თანხებიც არ გამოყვეს.

თუმცა აქ თურქი ლიდერი, ცოტა არ იყოს, ცუღლუტობს, - აცხადებს “რადიო თავისუფლების” ბულგარეთის რედაქციის დირექტორი ივან ბედროვი, რომელმაც საკითხი შეისწავლა და შემდეგი მონაცემები მოჰყავს:

• პირველი ტრანში (3 მლრდ ევრო, 2016–2017) გადახდილია პრაქტიკულად სრულად, სახსრები ლტოლვილთა დახმარების კონკრეტულ პროექტებზე მიიმართა;

• მეორე ტრანშიდან (2,96 მლრდ ევრო, 2018–2019) გადახდილია 750 მლნ, კიდევ 1,7 მლრდ შეთანხმებულია – ანუ განსაზღვრულია, რა მიზნით გაიხარჯება თანხა და იგი უახლოეს ხანებში იქნება გადახდილი;

• თანხები არა პირდაპირ თურქეთის მთავრობას გამოეყოფა, არამედ ორგანიზაციებს, რომლებიც ლტოლვილებს ეხმარებიან (წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის კომიტეტი, გაერო-ს ბავშვთა დახმარების ორგანიზაცია “იუნისეფი”, მსოფლიო სასურსათო პროგრამა და სხვა) მკაფიოდ გაწერილი მიზნებისთვის;

• სახსრებს მმართველი საბჭო ანაწილებს, რომელშიც თურქეთის მთავრობის წარმომადგენელიც შედის.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახასრებით:

• თურქეთში მყოფ 1,7 მილიონ ლტოლვილს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია;

• განათლებაზე წვდომა 500 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო;

• აშენდა 180 ახალი სკოლა;

• მუდმივ სამსახურში დასაქმდა თურქული ენის 4 ათასამდე ლტოლვილი მასწავლებელი;

• შეიქმნა 179 დროებითი კლინიკა და სამედიცინო პუნქტი;

• ფეხმძიმე ქალებს დაახლოებით 2 მილიონი კონსულტაცია გაეწია;

• 650 ათას ბავშვს აცრები ჩაუტარდა.

როგორც ამ დღეებში გერმანიის კალნცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, ანკარა ისწრაფვის, "ლტოლვილებს ამოფარებულმა, ევროკავშირისგან საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას მიაღწიოს”.

როგორც გამოცემა “Politico”-სთან საუბრისას ბერძნულ ანალიტიკურ ცენტრ Eliamep-ის ხელმძღვანელი გეორგიოს პაგულატოსი აღნიშნავს, დილემა, რომლის წინაშეც ერდოღანი ევროპელებს აყენებს, შემდეგში მდგომარეობს: "ან დიპლომატიური ინტერვენცია იდლიბში კრიზისის განსამუხტად, ან სირიელი ლტოლვილების შენახვის ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებს შორის დანაწილება. პირველი საკმაოდ რთულია, მეორე – მით უმეტეს".

შესაძლოა, ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაციის განვითარების პერსპექტივები დღეს გამოიკვეთოს: 5 მარტისთვის მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. საუბრის მთავარი თემა სირიულ ადლიბში არსებული ვითარება იქნება. და იმავე პერიოდში, 5–6 მარტს ზაგრებში თურქეთთან ურთიერთობებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებულ ვითარებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S