გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
05/03/2020 11:01:53 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ. დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", – აცხადებენ სუს–ში.


