ჩინეთის საგარეო უწყება: „ირანში სამედიცინო მასალებისა და ექსპერტების გაგზავნას არ შევწყვეტთ“
06/03/2020 07:55:44 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ირანში სამედიცინო მასალებისა და ექსპერტების გაგზავნას არ შეწყვეტს.
„ირანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო მძიმე ვითარებაა. ჩვენ ირანში სამედიცინო მასალებისა და ექსპერტების გაგზავნას კვლავ გავაგრძელებთ. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ირანელებს დავეხმაროთ“, – განაცხადა საგარეო უწყების პრეს–სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვიარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს დაუყოვნებლივ გააუქმონ სანქციები“, – დასძინა მან.
ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია ასობით მოქალაქე.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.


