"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლექტორები განსხვავებული მოსაზრების გამო არ დაასაქმა"
06/03/2020 08:47:17 სამართალი
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლექტორები განსხვავებული მოსაზრების გამო არ დაასაქმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, მას მიმართეს პირებმა, რომლებიც, მოწვეული ლექტორის სტატუსით უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს.
"ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზებამ ცხადყო, რომ განმცხადებლების უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათ მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს განმცხადებლების მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
მან რეკომენდაციით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი; შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.


