ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
06/03/2020 10:44:43 მსოფლიო
ვატიკანში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„დღეს ვატიკანის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის დირექციის ამბულატორიაში მომსახურების გაწევა შეწყდა, რათა მოხდეს შენობის სანიტარული დეზინფექცია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა“, – განაცხადა წმინდა საყდრის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა მატეო ბრუნი.
უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 148 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 3 858.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.


