რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
06/03/2020 14:30:25 მსოფლიო
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - იუწყება ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
ირკვევა, რომ 5 ახალი შემთხვევა დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული, ერთი – ნიჟნი ნოვგოროდში.
წინასწარი მონაცემებით, 6-ვე ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა.
სულ რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ, ოფიციალური ინფორმაციით, 8-ს მიაღწია. კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელებულად გამოცხადდა და საავადმყოფოდან გაწერეს.
წინა დღეს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედქალაქში “მომეტებული მზადყოფნის რეჟიმი” გამოაცხადა.
მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მოსკოვის ხელისუფლების მიერ მომზადებული განსაკუთრებული ზომების შესახებ ეპიდემიის შემთხვევისთვის. მათ შორის ყველაზე ხისტი ვარიანტი ქალაქში შესასვლელებისა და გასასვლელების ჩაკეტვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და საწარმოების მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს.
• სულ მსოფლიოს მასშტაბით დღეს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია 3400 ადამიანი. უმრავლესობა ამ ვირუსს ჩვეულებრივი გრიპივით იტანს, თუმცა შემთხვევათა 15-20 პროცენტში იგი სერიოზულ გართულებებს იწვევს, მათ შორის – ფილტვების ანთებას. ამასთან, რადიკალური თერაპია ამ ვირუსის სამკურნალოდ ამ დრომდე არ არსებობს.


