თბილისში, პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
08/03/2020 10:05:56 სამართალი
თბილისში, პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული – ს.თ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7–დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს",– აცხადებენ შსს-ში.


