Accentnews.ge
ათი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო

ათი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო

09/03/2020 10:29:51 მსოფლიო, საზოგადოება

ესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო.

"სადღეისოდ „COVID-19" 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. თუმცა, ვირუსთან ერთად მსოფლიო „შიშის პანდემიამაც“ მოიცვა. მართალია, ვირუსის გავლენა ბიზნესსა და პოლიტიკაზეც იგრძნობა, თუმცა, სწორი მიდგომა პანიკას გამორიცხავს. არსებობს მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ვირუსის შეჩერება და დამარცხება შესაძლებელია“, – აცხადებს ლოპეს-გონი..

იგი ასახელებს ათ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩავვარდეს ხალხი პანიკაში:

  • 1. ვირუსი იდენტიფიცირებულია. შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება „COVID-19"-ს, ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, უკვე 7 იანვარს კი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა.
  • 2. „COVID-19"–ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან არის ხელმისაწვდომი.
  • 3. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება. ჩინეთის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მკვეთრად იკლებს.
  • 4. ვირუსის შემთხვევათა 81% მსუბუქია. „COVID-19" ძირითადად სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება შემთხვევათა 81 პროცენტში. 14 პროცენტში ვირუსი პნევმონიას იწვევს, 5 პროცენტში კი შეიძლება, კრიტიკული გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ჯერ საბოლოოდ გაურკვეველია, რამდენი შეიძლება, იყოს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა, იმაზე დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა (3,4%) პროგნოზირებენ.
  • 5. ინფიცირებულები გამოჯანმრთელდნენ. მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და გარდაცვალების შემთხვევებზე, თუმცა დაავადებულთა დიდი ნაწილი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება და ეს პროპორცია იზრდება.
  • 6. ბავშვებში „COVID-19" ზალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ვირუსით ინფიცირებულთაგან 20 წლამდე ასაკის ადამიანები მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 40 წლამდე ინფიცირებულებში 0,2 პროცენტს შეადგენს. ბავშვებში ვირუსის სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
  • 7. „COVID-19" ემორჩილება დეზინფექციას. ვირუსის დეზაქტივაცია ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია, ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), ასევე წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. ეს სულ რაღაც ერთ წუთში ხდება. ინფიცირებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის დაბანაა.
  • 8. მეცნიერები „COVID-19"–ის საწინააღმედო ვაქცინებზე აქტიურად მუშაობენ.
  • 9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე არსებობს. ამ დროისთის მუშაობა რვა პროექტზე მიმდინარეობს.
  • 10. ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა უკვე დაწყებულია.
  • ვაქცინები პრევენციისთვის არის საჭირო. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ინფიცირებულების მკურნალობა. კორონავირუსის მკურნალობის 80-მდე მეთოდის კლინიკური ცდები უკვე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთია პრეპარატი "რემდესივირი", რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე როგორც ჩინეთში, ასევე აშშ–ში უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს იმ პრეპარატებისა და მეთოდების გამოცდაც, რომლებიც "ებოლასა" და „სარსის“ ან „მერსის“ წინააღმდეგ გამოიყენებოდა. „COVID-19"-ის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატი არის "ქლოროქინი", რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ და მას ძლიერი ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. ცნობილია, რომ "ქლოროქინი" ვირუსულ ინფექციას ბლოკავს და მის ორგანიზმში მოხვედრას ხელს უშლის. ამ მეთოდს უკვე იყენებენ „COVID-19"-ით გამოწვეული ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. კიდევ ერთი კვლევის ავტორები კორონავირუსის სამკურნალოდ "ოსელტამივირის", "ინტერფერონ ბეტასა" ან განკურნებული ადამიანების ანტიშრატისა ან მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენების წინადადებით გამოდიან. ზოგიერთი მეცნიერი გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ე.წ. დამთრგუნველი პრეპარატების თერაპია იყოს გამოყენებული. მაგალითად ისეთის, როგორიც არის "ბარიკიტინიბი".

"კაცობრიობის ისტორიაში 1918 წლის გრიპის პანდემიას 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიძლება, ახლაც ასეთი რამ მოხდეს? სავარაუდოდ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პანდემიისთვის ისე კარგად მომზადებულები, როგორც ახლა ვართ", –დასძენს სტატიის ავტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S