გიგი უგულავას თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა
09/03/2020 12:52:20 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ევროპული საქართველოს" წევრ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა.
ამასთან, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.
ადვოკატმა გიორგი გელხაურმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობდა. ამას ბრალდების მხარეც და მოსამართლეც დაეთანხმნენ.
ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უგულავასა და პარტიის კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში გაფრენის წინ თავს დაესხნენ. მომხდარის გამო გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე კი დაზარალებულად ცნეს. უგულავას ამ საქმეზე გირაო შეფარდეს და პასპორტი ჩამოართვეს.


