რა დრო სჭირდება კორონავირუსისგან სრულად განკურნებას
09/03/2020 17:55:11 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან („COVID-19“) სრულად განკურნებას შესაძლოა, რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.
„დაახლოებით 6 კვირაა საჭირო, რომ პაციენტი „COVID-19“–სგან სრულად განიკურნოს. თუმცა იმ ადამიანების გამოჯანმრთელებას, რომლებთანაც კორონავირუსის მწვავე მიმდინარეობა ფიქსირდება, რამდენიმე თვე დასჭირდება. გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ 24 საათში 2–ჯერ გაკეთებული ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს. სადღეისოდ „COVID-19“–ის სამკურნალოდ სპეციალური წამალი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა WHO–ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,119–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,735 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 3800–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 108 000–ს გადააჭარბა. 63 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.
15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.


