„ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის "სუსტი წერტილი" აღმოაჩინეს“
11/03/2020 06:02:26 მსოფლიო
Sun Yat-sen უნივერსიტეტის ბაზაზე მომუშავე ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის კორონავირუსის "სუსტი წერტილი" აღმოაჩინეს,– იუწყება ჩინური გამოცემა South China Morning Post. კერძოდ, როგორც მეცნიერები საკუთარი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, ვირუსი ჰაერის + 8.72 ტემპერატურაზე უფრო აქტიურად ვრცელდება.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ახალი ვირუსი – „კოვიდ–19“ მაღალი ტემპერატურის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.
თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ნაწილი ვირუსოლოგებისა ამ მოლოდინს არ იზიარებს. მათი თქმით, ვირუსი საკმაოდ გამძლეა.
ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, 119 217 დაინფიცირდა, 66 563 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 119 ქვეყანაშია გავრცელებული.
კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 158 ადამიანი ემსხვერპლა, 61 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 631-მდე გაიზარდა. ქვეყანა „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში 23 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ინფექციურ სავადმყოფოში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 4–ია შიდა გადაცემით გამოწვეული, ხოლო დანარჩენი პაციენტები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და იქ დაინფიცირდნენ.


