სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს
15/01/2026 11:32:10 პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „გრძნობა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს საკუთარი და ბუნებრივი ევროპული მომავალი, ხალხში ღრმად არის განმტკიცებული“.
„ისინი [მმართველი პარტია] აშკარად რუსეთის მითითებებს ასრულებენ ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, რომ დაეწყოთ ეს ხისტი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართველებისთვის ბუნებრივი არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში დარჩეს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.
„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


