Accentnews.ge
რატომ ვერ მუშაობს ინკლუზია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე

რატომ ვერ მუშაობს ინკლუზია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე

20/01/2026 04:18:45

ინკლუზიური განვითარება სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო სტრატეგიები და დონორთა პროგრამები მას სულ უფრო ხშირად ასახელებენ მთავარ მიზნად, თუმცა პრაქტიკაში ეს კონცეფცია, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ განცხადებების დონეზე რჩება. ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი მარტივია: ინკლუზია ვერ ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საკუთარ ცხოვრებაზე რეალური გავლენის ბერკეტები.

ინკლუზიური განვითარება არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სოციალური დახმარების ან ცალკეული პროგრამების ერთობლიობად. იგი წარმოადგენს პროცესთა თანმიმდევრულ ჯაჭვს, რომელიც იწყება განათლებით, გრძელდება დასაქმებით და სრულდება ეკონომიკური დამოუკიდებლობითა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობით.

იქ, სადაც ეს ჯაჭვი წყდება, მაგალითად, როდესაც განათლების პროცესიდან შრომის ბაზარზე გადასვლა ვერ ხერხდება, ან დასაქმება არ იძლევა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობასინკლუზია ფორმალურ ჩარჩოდ რჩება და ვერ იწვევს ცხოვრების ხარისხის რეალურ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განვითარების საკითხი ხშირად განიხილება განვითარებადი ქვეყნების კონტექსტში, იგი არანაკლებ აქტუალურია შეერთებული შტატებისთვისაც. შშმ პირების, ხანდაზმული მოსახლეობისა და შრომის ბაზარზე ნაკლებადკონკურენტუნარიან კადრებად მიჩეული პირების ეკონომიკური ჩართულობა წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის, არამედ შრომის ბაზრის მდგრადობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხს. სწორედ ამიტომ ინკლუზიური განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტად განიხილება როგორც ეკონომიკური და სტრატეგიული პრიორიტეტი.

რას ნიშნავს ინკლუზიური განვითარება პრაქტიკაში

ინკლუზიური განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ დაუცველი ჯგუფების  უკვე არსებულ სისტემებში ჩართვით“. იგი მოითხოვს სისტემების გადახედვასა და ტრანსფორმაციას, რათა ადამიანებს რეალურად ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად შექმნან ეკონომიკური ღირებულება, მიიღონ გადაწყვეტილებები და ღირსეულ პირობებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პრაქტიკაში ეს მიდგომა პირველ რიგში ნიშნავს, რომ განათლება და პროფესიული უნარები არ დარჩეს ფორმალურ ცოდნად და რეალურად უკავშირდებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. შესაბამისად, როდესაც პირი იღებს განათლებას, მან ამ ცოდნის გამოყენება შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნით უნდა შეძლოს. გარდა ამისა, ინკლუზიური განვითარება მოითხოვს მხარდაჭერას არა მხოლოდ დასაქმების საწყის ეტაპზე, არამედ მთელი კარიერული განვითარების პროცესში: გადამზადებიდან დაწყებული, სამუშაო ადგილზე ადაპტაციითა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობით გაგრძელებული და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევით დასრულებული. ამისთვის კი, აუცილებელია ისეთი ეკონომიკური მოდელების შექმნა და დანერგვა, რომლებიც სოციალური მიზნების განხორციელებას მხოლოდ კეთილი ნების იმედად არ დატოვებს, არამედ ფინანსურად მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. სწორედ აქ იკვეთება ინკლუზიური განვითარების მთავარი გამოწვევა: რომელი ინსტრუმენტი ახერხებს სოციალური მიზნებისა და ეკონომიკური მდგრადობის ერთმანეთთან დაკავშირებას?

სოციალური მეწარმეობა, როგორც ინსტრუმენტი ინკლუზიური განვითარების

სოციალური მეწარმეობა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად გვევლინება ინკლუზიური განვითარების პრაქტიკაში განხორციელებისთვის. მისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე სოციალური საწარმო აერთიანებს ეკონომიკურ საქმიანობასა და სოციალურ მისიას, ქმნის სამუშაო ადგილებს, ავითარებს ადგილობრივ თემებს და ამცირებს დამოკიდებულებას მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე. სოციალური მეწარმეობა არ ცვლის სახელმწიფოს როლს, თუმცა ავსებს იმ სივრცეებს, სადაც ტრადიციული პოლიტიკა ვერ აღწევს კონკრეტულ ადამიანამდე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მეწარმეობა კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარების ერთგვარი მოდელია, რომელიც თავისუფალ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას და სახელმწიფოსა და თემის დონეზე კეთილდღეობის მიღწევას უწყობს ხელს.

სოციალური საწარმოები სახელმწიფოსთვის დასაყრდენ პარტნიორებს წარმოადგენენ. მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სიღარიბის შემცირებაში, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურეკონომიკურ ინტეგრაციაში, გარემოს დაცვაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, ინოვაციების განვითარებაში და სხვა. ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს მრავალფეროვანი სამუშაო ძალისთვის, მათ შორის, შრომის ღია ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიან კადრება მიჩნეული ჯგუფებისთვის.

სოციალური საწარმოების მიერ დასახული ცვლილებები, როგორც წესი, მოკლე ან საშუალო ვადაში ხელშესახებ შედეგებს არ იძლევა. ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თავად საწარმოს სტაბილურობასა და მდგრადობას. ასეთი შედეგების მიღწევა კი შეუძლებელია მხოლოდ ერთი აქტორის ძალისხმევით, ის მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ერთობლივ მხარდაჭერას.

სოციალური საწარმოებისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ინკუბაციისა და აქსელერაციის მოდელებს, რომლებიც იდეას გარდაქმნის მოქმედ, სიცოცხლისუნარიან და მდგრად ბიზნესად. ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით ეფექტიანია შშმ პირების, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში, სადაც დასაქმება მხოლოდ სამუშაო ადგილის პოვნას არ ნიშნავს, არამედ მოითხოვს გარემოს ადაპტაციას, მუდმივ მხარდაჭერას და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ მიდგომას.

ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება ტექნოლოგიური სოციალური ინოვაციების გამოყენება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სოციალური მიზნებისთვის გამოყენება (AI for social good) და დამხმარე ტექნოლოგიების (assistive tech) დანერგვა. პარალელურად იზრდება სოციალური ინკუბატორებისა და აქსელერატორების მნიშვნელობა, რომლებიც ახალ საწარმოებს სთავაზობენ ცოდნას, მენტორობასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ამ პროცესს განსაკუთრებულად აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოევროკავშირისა და საქართველოაშშ-ის მიმართულებით, სადაც გამოცდილების გაზიარება და ცოდნის ტრანსფერი ინკლუზიური განვითარების რეალურ წინსვლას უწყობს ხელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ინტეგრაცია განათლების სისტემაში და ახალგაზრდების როლის გაძლიერება, კერძოდ ახალი თაობის სოციალური ლიდერების წახალისება, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას ეკონომიკურ ხედვასთან აერთიანებენ.

ამასთანავე, აუცილებელია სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ისეთი ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური საწარმოების ხილვადობასა და აღიარებას, რესურსებზე წვდომას, კვლევას, განათლებას, შესაბამის უნარებსა და ორგანიზების შესაძლებლობებს. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ქართულ სოციალურ საწარმოებში შეფასების სისტემების განვითარება, რათა მათი სოციალური და ეკონომიკური გავლენა უფრო ზუსტად გაიზომოს და გაანალიზდეს. სწორედ ამ მრავალგანზომილებიანი მხარდაჭერის პირობებში შეიძლება სოციალური მეწარმეობა იქცეს არა მხოლოდ ალტერნატიულ მოდელად, არამედ ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.

ამერიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოციალური მეწარმეობა ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ ინსტრუმენტად იქცა. სოციალური საწარმოები შეერთებულ შტატებში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან შშმ პირების დასაქმებაში, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განვითარებაში, საზოგადოებრივ სერვისებსა და ინოვაციურ განათლებაში. ამ მოდელების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სოციალურ მიზნებს აკავშირებენ რეალურ ეკონომიკურ შედეგებთან, ამცირებენ სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულებას და ქმნიან მდგრად სამუშაო ადგილებს.

ფორმალური მიზნებიდან რეალურ ცვლილებებამდე  

ინკლუზიური განვითარება დღეს აღარ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც სოციალური პოლიტიკის ნაწილი. იგი წარმოადგენს ეკონომიკური მდგრადობის, შრომის ბაზრის გაფართოების და საზოგადოების გრძელვადიანი მედეგობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. საზოგადოება, რომელიც ვერ ქმნის პირობებს სხვადასხვა ჯგუფის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, ფაქტობრივად კარგავს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს და ზღუდავს პოტენციალს საკუთარი განვითარებისთვის.

შეერთებული შტატებისთვის, სადაც დემოგრაფიული ცვლილებები, შრომის ძალის დეფიციტი და სოციალური უთანასწორობის შემცირება სულ უფრო აქტუალურ გამოწვევებად ყალიბდება, ინკლუზიური განვითარების ეფექტიანი მოდელები წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ ვალდებულებას, არამედ მკაფიო ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესს. შშმ პირების, ხანდაზმული მოსახლეობის, ახალგაზრდებისა და სხვა ჯგუფების სრულფასოვანი ეკონომიკური ჩართულობა პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ძალის გაძლიერებას, სოციალური ხარჯების შემცირებას და ინოვაციური პოტენციალის ზრდას.

ამ კონტექსტში სოციალური მეწარმეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. იგი ქმნის პრაქტიკულ სივრცეს, სადაც სოციალური მიზნები და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს. სოციალური საწარმოები აერთიანებენ ინკლუზიას, ინოვაციასა და ბაზარზე ორიენტირებულ მიდგომებს, რაც მათ აქცევს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ინსტრუმენტად ინკლუზიური და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირებისთვის.

საერთო ჯამში, ინკლუზიური განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი აღარ განიხილება მხოლოდ როგორც დახმარების მიმღები, არამედ აღიქმება როგორც ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროცესების აქტიური მონაწილე. სწორედ ასეთი ხედვა ქმნის საფუძველს ისეთი საზოგადოებისთვის, რომელიც არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ მდგრადი, მოქნილი და მომავალზე ორიენტირებული


ავტორი: ლია კილაძე, საზოგადოებრივი განვითარების ექსპერტი, სოციალური მეწარმეობის მკვლევარი და პრაქტიკოსი 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S