ახალი შესაძლებლობები ონკოლოგიაში და ფონდი ქართველი პაციენტების დასახმარებლად - ინტერვიუ ნატალია ნეფარიძესთან
19/09/2026 15:39:00 ინტერვიუ, საზოგადოება
ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გენომურმა და იმუნოლოგიურმა კვლევებმა, მიზნობრივმა თერაპიამ, იმუნოთერაპიამ და უჯრედული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობები, რომლებიც წლების წინ გაცილებით რთულად სამართავი იყო.
ამ სფეროში მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს ქართველ ექიმსა და მეცნიერს ნატალია ნეფარიძეს, რომელიც Yale University-ის კიბოს ცენტრში მოღვაწეობს. მისი ძირითადი სამეცნიერო და კლინიკური მიმართულებებია ძვლის ტვინის სიმსივნეები, მრავლობითი მიელომა, ლიმფომა და სხვა ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებები.
ნატალია ნეფარიძის პროფესიული გზა ნიუ-იორკიდან Northwestern University-სა და Yale University-მდე მრავალწლიან კლინიკურ და სამეცნიერო მომზადებას მოიცავს. დღეს, სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, ის ჩართულია ფონდშიც, რომელიც საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებს დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაში ეხმარება.
ინტერვიუში ნატალია ნეფარიძე საუბრობს საკუთარ პროფესიულ გზაზე, ონკოლოგიის მკურნალობაში მიმდინარე ცვლილებებზე, თანამედროვე თერაპიებზე, ქართველი პაციენტების წინაშე არსებულ პრობლემებსა და ფონდის საქმიანობაზე.
- ქალბატონო ნატალია, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რამ განაპირობა ჰემატოლოგია-ონკოლოგიის არჩევა?
- ჩემი პროფესიული არჩევანი, პირველ რიგში, განაპირობა ძალიან საინტერესო მოლეკულურმა ბიოლოგიამ, რომელიც ჰემატოლოგიას ახასიათებს - მათ შორის ანემიების, თალასემიებისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში. გარდა ამისა, იყო ოჯახური შემთხვევებიც, რომლებმაც გავლენა მოახდინა იმაზე, რომ საბოლოოდ ჰემატოლოგია და ონკოლოგია ამერჩია.
ზოგადად კი, მედიცინა იმიტომ ავირჩიე, რომ მინდოდა ადამიანებს უშუალოდ დავხმარებოდი.
- ამერიკაში თქვენი პროფესიული გზა Maimonides Medical Center-ში კლინიკური გამოცდილებით დაიწყო, შემდეგ იყო Northwestern University და Yale University. როგორ განვითარდა ეს გზა და რას ნიშნავს თქვენთვის დღეს Yale-ის კიბოს ცენტრში ექიმად და მეცნიერად მუშაობა?
- ამერიკაში პირველად ნიუ-იორკში ჩამოვედი. ჩემი ჩამოსვლის მიზანი კლინიკური კვალიფიკაციის ამაღლება იყო. აქ ძალიან დიდი განათლება და სამეცნიერო გამოცდილება მივიღე. ძირითადად აკადემიური უნივერსიტეტების ბაზაზე ვმუშაობდი, როგორც ბაზისური სამეცნიერო მედიცინის, ასევე კლინიკური მიმართულებით.
პირველ ეტაპზე კლინიკური გამოცდილება მივიღე ნიუ-იორკის Maimonides Medical Center-ში. მომდევნო წლებში ვმუშაობდი სამეცნიერო კვლევებზე, შემდეგ გარკვეული პერიოდი გავატარე ჩიკაგოში, Northwestern University-ში.
ამის შემდეგ გადავედი კონექტიკუტში, Yale University-ში, სადაც სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობა გავაგრძელე.
2004-2007 წლებში Yale University-ის ბაზაზე გავიარე კლინიკური რეზიდენტურა ზოგად თერაპიაში, ხოლო 2007-2010 წლებში - სამწლიანი კლინიკური და სამეცნიერო ფელოუშიფი ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში.
თითქმის 9-10-წლიანი კლინიკური და სამეცნიერო ტრენინგის შემდეგ გავხდი კლინიკური ჰემატოლოგი და ონკოლოგი. თავდაპირველად ნიუ-იორკში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ვმუშაობდი. 2012 წელს კი კვლავ მიმიწვიეს და დავბრუნდი Yale University-ის ფაკულტეტზე - თავდაპირველად ასისტენტ-პროფესორის, შემდგომ კი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. დღემდე Yale-ის კიბოს ცენტრში ვმოღვაწეობ.
- თქვენი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი მიმართულებებია მრავლობითი მიელომა, ლიმფომა და ძვლის ტვინის სიმსივნეები. კონკრეტულად რა მიმართულებებზე მუშაობთ?
- ჩემი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა ძვლის ტვინის სიმსივნეები, მრავლობითი მიელომა და გამაპათიები, ასევე ლიმფოპლაზმაციტური დაავადებები და ლიმფომა.
ამ მიმართულებით ჩვენს ჯგუფს აქვს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროექტების სრული სპექტრი - დაწყებული ბაზისური კვლევებით და გაგრძელებული ტრანსლაციური კვლევებით.
ასევე გვაქვს ყველა ფაზის კლინიკური კვლევები - პირველი, მეორე და მესამე ფაზის კვლევები - ძვლის ტვინის დაავადებების მიმართულებით.
გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს ე.წ. outcomes research-ის მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა და outreach - პაციენტებთან და მათ მომვლელებთან უშუალო კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- რა არის დღეს ყველაზე დიდი პროგრესი ამ დაავადებების მკურნალობაში და რამდენად შეიცვალა პაციენტების მკურნალობისა და გადარჩენის შესაძლებლობები?
- 2005 წლის შემდეგ ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილებები მოხდა, რომლებიც გენომურ და იმუნოლოგიურ კვლევებს ეფუძნება.
ამან აბსოლუტური რევოლუცია მოახდინა ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში და დღეს საშუალებას გვაძლევს, თითოეულ პაციენტს უფრო მიზნობრივი მკურნალობა შევთავაზოთ - იქნება ეს მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპიული ჩარევა თუ ბიოლოგიური აგენტები.
ამ პრეპარატების სია ყოველწლიურად იზრდება და თითოეული დაავადების შემთხვევაში უკვე არაერთი სხვადასხვა მედიკამენტი და მკურნალობის შესაძლებლობა არსებობს.
- თქვენ თავად მუშაობთ ახალ კლინიკურ კვლევებსა და მკურნალობის პროტოკოლებზე. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპია, CAR-T და უჯრედული თერაპია?
- რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესია. მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპია და ქიმერული ანტიგენის რეცეპტორის T-უჯრედოვანი თერაპია - CAR-T - უკვე დამკვიდრებული მკურნალობის მეთოდებია მრავლობითი მიელომისა და ლიმფომის შემთხვევაში.
ჩვენ ამ მეთოდებს უკვე ვიყენებთ, რადგან აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ ისინი უკვე დამტკიცებულია შესაბამისი დაავადებების სამკურნალოდ. შესაბამისად, უკვე გვაქვს სტანდარტული უჯრედული თერაპია ამ დაავადებებისთვის და ჩვენს ცენტრში ბევრი ახალი, სხვადასხვა ტიპის პროგრამაც მოქმედებს.
მკურნალობის ეს მეთოდები იმდენად ინოვაციურია და იმდენად ცვლის პაციენტების შესაძლებლობებს, რომ ბევრ შემთხვევაში უკვე თითქმის განკურნებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ — მათ შორის ლიმფომების განკურნებაზე და ზოგიერთ შემთხვევაში მრავლობითი მიელომის შემთხვევაშიც.
მიელომა შედარებით რთულად სამართავი დაავადებაა და მისი განკურნების გზა უფრო რთულია, თუმცა CAR-T უჯრედოვანი მკურნალობა ამის შესაძლებლობასა და იმედს ნამდვილად იძლევა.
- ქართველი პაციენტები ხშირად ეძებენ ამერიკაში მეორე სამედიცინო აზრს ან მკურნალობის შესაძლებლობას. თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ქართველი ონკოლოგიური პაციენტები აწყდებიან?
- საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გარკვეულ პრეპარატებზე შეზღუდული წვდომაა. ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოს ფარგლებში ხელმისაწვდომი არ არის ან მათი მიღება დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული პროგრამები გარკვეულ მედიკამენტებს, იმუნოთერაპიასა და მიზნობრივ მკურნალობას აფინანსებს, არის მკურნალობის საშუალებები, რომლებიც ამ პროგრამებით არ ფინანსდება. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ფინანსებია და გარკვეულ პრეპარატებზე წვდომის არქონა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია მოლეკულური კვლევები, რომლებიც ასევე საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა ხშირად აუცილებელია იმისათვის, რომ მკურნალობის სწორი არჩევანი განვსაზღვროთ.
რა თქმა უნდა, ონკოლოგიური პაციენტები გამოწვევებს ყველგან აწყდებიან, თუმცა საქართველოს ამ მხრივ თავისი გარკვეული, უნიკალური თვისებებიც აქვს.
- თქვენ ჩართული ხართ ფონდის საქმიანობაში, რომელიც საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას ემსახურება. როგორ გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა და კონკრეტულად რა სახის დახმარებას უწევს ის პაციენტებს?
- ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩვენი მეგობრის ძმა, კახა ჭუბაბრია გარდაიცვალა. ფონდის შექმნის იდეა ბატონი კახას დის მეგობრებს შორის, ჩვენს სამეგობრო გუნდში გაჩნდა, რომლის წევრთა უმეტესობაც ამერიკაში მოღვაწეობს.
ამ გუნდში გაჩნდა თანადგომის სურვილი, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, პირველადი რესურსი ჩაგვედო ფონდის შექმნაში (www.charityonco.com.ge) სწორედ ასე დაარსდა ფონდი საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად.
ფონდმა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში უკვე 22-მდე პაციენტი დააფინანსა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია. მართალია, მთლიანად ვერ ვწყვეტთ დაფინანსების პრობლემას, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ვეხმარებით ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სხვადასხვა კომპონენტის დაფინანსებაში.
ძირითადად მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც ფინანსური სირთულეების წინაშე დგანან, აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი ან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
დახმარება კონკრეტულად ითვალისწინებს გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას - მათ შორის PET სკანირების, მოლეკულური და სხვა საჭირო კვლევების. რამდენიმე შემთხვევაში ასევე დაფინანსდა ისეთი პრეპარატები, რომლებიც საქართველოში მოქმედი ონკოლოგიური პროგრამების ფარგლებში არ იფარება.
- ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ მომავალში განვითარდეს თანამშრომლობა ამერიკულ კლინიკებთან და გაღრმავდეს პროფესიული თუ სამეცნიერო კავშირები საქართველოსთან?
- ამერიკულ კლინიკებთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, მივესალმები, თუ ამის შესაბამისი მოთხოვნა იქნება.
არსებობს შესაძლებლობები, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, დავეხმაროთ საქართველოს შესაბამისი გაიდლაინების ჩამოყალიბებაში ან სხვა მიმართულებებითაც ვითანამშრომლოთ, რასაც საქართველოში მყოფი და მოღვაწე ექიმები საჭიროდ ჩათვლიან.
- და ბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა ქართველ ექიმებსა და მეცნიერებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე მუშაობაზე ოცნებობენ? და რას ეტყოდით ქართველ პაციენტს, რომელიც დღეს მძიმე ონკოლოგიურ დიაგნოზს ებრძვის და შესაძლოა იმედი დაკარგული აქვს?
- ახალგაზრდა ქართველ ექიმებსა და მეცნიერებს მოვუწოდებ, რომ თუ აქვთ კონკრეტული გეგმები და ოცნებები, განუწყვეტლივ იმუშაონ ამ მიმართულებით, რათა მიაღწიონ და დაძლიონ შემდეგი მწვერვალები სამეცნიერო თუ კლინიკურ კარიერაში.
ოცნება მხოლოდ ოცნებად არ უნდა დარჩეს - საბოლოო ჯამში, მისი განხორციელება შესაძლებელია. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და მის მისაღწევად მუხლჩაუხრელად და მუყაითად იშრომებს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
რაც შეეხება ქართველ პაციენტებს, რომლებიც დღეს მძიმე ონკოლოგიურ დიაგნოზს ებრძვიან — რა თქმა უნდა, ონკოლოგია რთული სფეროა და ონკოლოგიური დაავადებების მართვა ადვილი არ არის. თუმცა დღეს მკურნალობაში ძალიან დიდი ძვრებია და გვაქვს ბევრი ახალი შესაძლებლობა: ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, კომბინაციური იმუნოთერაპია, მიზნობრივი ანტისხეულები, მცირე მოლეკულები და სხვა.
შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა. ბევრ შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე დაავადება განკურნებადია, ზოგ შემთხვევაში კი, თუ სრული განკურნება ვერ ხერხდება, შესაძლებელია დაავადების ხანგრძლივად კონტროლის ქვეშ მოქცევა.
ამიტომ იმედი არ უნდა დაიკარგოს. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სტადიებიც, როდესაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ, ამავე დროს, არის ძალიან დიდი პროგრესი და სასიხარულო ძვრები - დღეს ბევრ შემთხვევაში მართლაც შეგვიძლია პაციენტს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ ან განკურნების შესაძლებლობა მივცეთ.


