გურიაში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს
15/03/2020 12:20:14 სამართალი, საზოგადოება
გურიაში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან 7 პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ.
ამჟამად გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება. აქედან, რვა პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 30 ინფიცირებული პაციენტიდან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 439 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 პაციენტი რჩება.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 5500 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 152 000–ს გადააჭარბა. 75 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.


