"საპატიმროებში კორონავირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა"
16/03/2020 10:55:31 სამართალი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულ საპატიმროებში კორონავირუსის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის.
"ბოლო დღეების განმავლობაში გაიშალა ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში - ქალთა დაწესებულება, გლდანის N8 დაწესებულება და ქუთისის N2 დაწესებულება, რომლებიც ე.წ. მიმღები ციხეებია, ანუ არის დაწესებულებები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსასახლებელ პატიმრებს, ახალ დაკავებულებს. დროებით, მედპუნქტები არის განთავსებული ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში იმისთვის, რომ იქ მყოფი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე, ამგვარი საეჭვო სიმპტომებით ახალ დაკავებული პიროვნება იყო 9, აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველა საეჭვო შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის", – განაცხადა წულუკიანმა.


