კარანტინის წესების დამრღვევს ჯარიმის გარდა, პატიმრობაც ემუქრება
17/03/2020 16:00:36 სამართალი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელსაც დღის ბოლოსთვის დაარეგისტრირებს.
ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კარანტინის წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ასევე, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში კი, დამრღვევ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
კანონპროექტის გათვალისწინებით, კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ამასთან, პროექტში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.


