რომელი წამლის მიღებას გვირჩევს COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
18/03/2020 10:19:23 მსოფლიო, საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოქალაქეებს უმკაცრეს გაფრთხილებას აძლევს, ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში პრეპარატი „იბუპროფენი“ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღონ.
„ჩვენ „პარაცეტამოლის“ გამოყენებას უფრო ვუწევთ რეკომენდაციას. არ გამოიყენოთ “იბუპროფენი“ ექიმთან კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა WTO–ს პრეს–სპიკერმა კრისტიან ლინდმეიერმა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
"სადღეისოდ „COVID-19“–ის სამკურნალოდ სპეციალური წამალი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა WHO–ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


