საქართველო ICC-ში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძეს წარადგენს
20/03/2020 10:18:18 სამართალი
საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძის წარდგენას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარ წარმომადგენელს წარადგენს.
„გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. იმედს გამოვთქვამ, რომ ის საბოლოოდ იქნება სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული და სასიამოვნოა, როდესაც მისი კანდიდატურის გარშემო არსებობს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ის ნამდვილად იმსახურებდა ამ მხარდაჭერას თავისი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.


