ოქრუაშვილს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
13/04/2020 09:08:08 სამართალი
სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და საქალაქო სასამართლოს განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
როგორც მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.
“ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა. ირაკლი ოქრუაშვილს ძალადობის ხელმძღვანელობასა და ამ ძალადობაში მონაწილეობას აბრალებდნენ. სასამართლომ ხელმძღვანელობაში გაამართლა, მონაწილეობაში ასობით ადამიანი იყო და მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს და მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც მთელს საქართველოს აქვს კადრები ნანახი, ის გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ იქ იყო ხალხის მასა, რომ გვაწვებოდა, მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილიცო. სხვა არაფერი არც უთქვამთ და არც სადმე წერია, რომ ვინმეს შეეხო ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად, ან მისი მოწოდებით ვიღაცამ ვიღაცაზე იძალადა. მიტინგები როცა მიმდინარეობდა ათობით ადამიანი მოჰყავდათ ყოველ დღე სასამართლოში და მაქსიმუმ ან აჯარიმებდნენ ან ადმინისტრაციულ რამდენიმედღიან პატიმრობას უფარდებდნენ, ზუსტად ანალოგური ჭყლეტვის გამო. ვთვლი, რომ აქ კანონი არაფერ შუაში იყო. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ დიდი მოლოდინი არ მაქვს. როცა პოლიტიკა უფრო წინ არის, ვიდრე სამართალი, ალბათ სხვა გარემოებებმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


