ჩალაგაშვილი: "გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს"
16/04/2020 14:09:47 სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ გაათავისუფლეს.
როგორც ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ბუტა რობაქიძის უდანაშაულობის შესახებ იცოდეს.
„ცოტა გამიკვირდა. ასე უცებ მის გათავისუფლებას არ ველოდი, მაგრამ როგორც ვიცი ითანამშრომლა. იცით რაშია საქმე? ჩემთვის აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა ეგენი ციხეში ისხდებიან თუ არა. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ საზოგადოებას გაეგო სიმართლე, რომ ჩემს უდანაშაულო შვილს, ანგელოზივით ბავშვს, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე წაართვეს, საშინელება დააბრალეს. მე უფლის სამართალს ველოდები ისედაც და მაგათ ღმერთი მიუზღვავს, რაც ეკუთვნით. ნამდვილად მძიმეა ჩემთვის, რომ გავიგე გარეთაა, თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანი რაღაცები ილაპარაკა. ჩემთვის მთავარია, რომ მთელმა საქართველომ იცის, რა და როგორ იყო.
მე დონაძისგან ვითხოვ, ტელევიზიით აღიაროს ყველაფერი და სიმართლე თქვას. მინდა, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს როგორ იტყუებოდა მთელი წლები, ცხრა წელიწადი სასამართლოზე ტყუილებით სისხლი რომ გამიშრო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას გავაკეთებინებ აუცილებლად“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
2019 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულები, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. შსს-ს პრესამსახურის ყოფილ თანამშრომელს გურამ დონაძეს სასჯელის სახით თავისუფლების 5 წლით და 3 თვის ვადით აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.


