„სამღვდელოებაში იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას რომ აქვს, ეგ ნამდვილად ვიცი“
28/04/2020 12:36:36 სამართალი
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც მამა დავით კობაიძემ მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. გამოძიება დაკავებულს მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–0ტარებას ედავება.
ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული სასულიერო პირის მეზობლები და ოჯახის წევრები ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვერ საუბრობენ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თვითონ დაკავებული სასულიერო პირი იარაღით არასდროს უნახავს, თუმცა სხვა მღვდელმსახურები იარაღით ხშირად დადიან.
"ჯიპებით მოდიოდნენ. იობიც [რუის–ურბნისის ეპარქიის ხელმძვანელი]არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი. სიმართლე რომ გითხრათ, კობა [მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი] იარაღით ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ სამღვდელოებაში რომ იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს, ეგ ნამდვილად ვიცი და არ გამიკვირდება. მამაოები კომენდანტის საათებშიც დადიან და მაგათ ყველანაირი საშვი აქვთ", - განუცხადა "რუსთავი 2"–ს დაკავებული სასულიერო პირის ახლობელმა.


