დავით ქაცარავა სუს–ში დაიბარეს
03/06/2020 06:44:14 სამართალი
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც ქაცარავა აცხადებს, განუმარტეს, რომ საქმე დავით–გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.
ამასთან, დღეს სასამართლოში ქაცარავას პროცესია. როგორც ცნობილია, მას ბრალი გასულ წელს ხურვალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძალადობაში წაუყენეს.
"ეს არის წმინდა პოლიტიკური პროეცესი, რაც ემსახურება ერთ მიზანს - ჩემი როგორც, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის შეჩერებასა და განეიტრალებას. არ დასრულდება ალბათ და ეს არჩევნებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ჩემს სუს-ში დაბარებას, ეს სიურპიზი იყო, რადგან როცა ვიკითხე რა თემაზე მიბარებდნენ, გარეჯთან დაკავშირებით მოწმედ უნდა დაგკითხოთო. ძალიან უცნაურია ამ თემაზე ჩემი დაკითხვა",-აცხადებს დავით ქაცარავა.
ცნობისთვის: სუს-ის 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დესტრუქციულ კამპანიადაა შეფასებული. დაკუმენტში წერია, რომ პროცესში ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული ცალკეული პირები იყვნენ ჩართული.


