Accentnews.ge
სასამართლო – "ტვ პირველის" განჩინების ტექსტზე: "სტანდარტული ფორმაა“

სასამართლო – "ტვ პირველის" განჩინების ტექსტზე: "სტანდარტული ფორმაა“

11/03/2021 16:27:29 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ "ტვ პირველთან" დაკავშირებული განჩინების გამოცემისას „არანაირი განსხვავებული წესი არ გამოყენებულა“.

„საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს.

შესაბამისად, აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

მისივე თქმით, "ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", თუმცა საგამოძიებო უწყება იმედოვნებს, რომ "ტელეკომპანია პირველი“ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S