პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონი დაარღვია
02/10/2021 05:38:49 სამართალი
საარჩევნო კანონი დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ: ის საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა.
"არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ესა არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება", - თქვა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯომარე კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის გამო ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა. ამის შესახებ საიას დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
“მედიით გავრცელდა ფოტო და ვიდეო-მასალა და ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ კენჭისყრის შენობაში ის იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით წარვადგინეთ საჩივარი. აქ კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ჩვენ საჩივარი ელექტრონული რეესტრის საშუალებით გავაგზავნეთ, თუმცა არასამუშაო საათებში ელექტრონული რეესტრის საშუალებით საჩივარი ვერ წარვადგინეთ შესაბამის საოლქო კომისიაში, იმიტომ, რომ სამუშაო საათებში იღებდა ეს ვებგვერდი ამ ინფორმაციას. ჩვენ შემდგომ გვქონდა ცესკოსთან კომუნიკაცია და ეს ხარვეზი გასწორდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს ფაქტიც აღვნიშნოთ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.
აგიტაციის წესის დარღვევას ადასტურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. კერძოდ, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი". - თქვა ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


