Accentnews.ge
პირი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, დააკავეს

პირი, რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, დააკავეს

02/10/2021 08:06:57 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელის სახლშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა,- ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისმგებას ითვალისწინებს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ჭელიძემ უშუალოდ სპეც–ოპერაციაზეც ისაუბრა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები".

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოები ყალბია და რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შსს–მაც. დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სააკაშვილი ოთხი დღის წინ დაბრუნდა საქართველოში და რომ ის თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S