ოფიციალური კიევი სააკაშვილს მხარდაჭერას ჰპირდება
02/10/2021 08:38:16 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან ის უკრაინის მოქალაქეა.
„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ჩვენ დავუძახეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკრაინაში. ის დღეს დილით მოვა სამინისტროში და მოვილაპარაკებთ ყველაფერს. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, თუ მათ თავს რამე უბედურება ხდება“, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „დომ“-თან ინტერვიუში.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
1 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული სიახლეებითა და თბილისში გაკთებული განცხადებების ტონით:
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს საქართველოში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობაზე. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია მსგავსი სიახლეებითა და საქართველოში გაკეთებული იმ განცხადებების ტონით, რომლებიც მოვლენათა შესაძლო განვითარებას ეხება. უკრაინა ქართულ მხარეს მიმართავს განმარტებების მოთხოვნით ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის ყველა მიზეზისა და გარემოების თაობაზე".
მისი თქმით, უკრაინის კონსულები მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი საჭირო დახმარება აღმოუჩინონ.


