Accentnews.ge
შსს: აღიძრა სისხლის სამართლის ორი საქმე, ერთი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდა

შსს: აღიძრა სისხლის სამართლის ორი საქმე, ერთი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდა

02/10/2021 12:11:46 სამართალი

შსს–ს ინფორმაციით, თვიმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ:

  • ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება, ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, შსს–ს ცნობით, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

შსს–ს ცნობითვე, ამ ეტაპისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე:

„იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის N13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2 000 ლარით“.

შსს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებსა და ორგანიზაციებს მიმართავს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S