Accentnews.ge
DRI: "სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა"

DRI: "სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა"

08/10/2021 07:56:46 სამართალი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაფარვის საქმეზე დაკავებული სამი პირისი ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა.

ელგუჩა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

"შეშფოთებას იწვევს პროკურატურის მიერ შერჩეული მუხლი და მისი ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დანაშაულის დაფარვით გამოძიება მიმდინარეობს იმ საქმეებზე, რომლებზეც სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. ნორმის სისტემური ინტერპრეტაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლი „დანაშაულების წინასწარ შეუპირებლად დაფარვა” მოცემულია სსკ-ის 43-ე თავში „დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ და შესაბამისად, წარმოადგენს დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამ თავის ყველა დანაშაული დაკავშირებულია მხოლოდ გამოძიების ეტაპთან. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება გამოძიების დასრულებისას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისა და პირის მსჯავრდების ეტაპზე”, – ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.

მისივე ცნობით, "პროკურატურის არგუმენტი ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებას, რომელშიც „დანაშაულის დაფარვა“ შემდეგნაირადაა განმარტებული: “დანაშაულის დაფარვაში იგულისხმება დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა”. თუმცა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შენიშნავს, რომ განჩინება შეეხებოდა დაუსრულებელ საქმეზე დანაშაულის დაფარვის შემთხვევას. შესაბამისად, პროკურატურის განმარტება სსკ-ის 375-ე მუხლის შესახებ ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კანონიერების პრინციპს".

“დანაშაულის იმ შემადგენლობას, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე სამ პირს ედავებიან — დამნაშავის დაფარვას — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. კანონიერების პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფოდანაშაულად მიიჩნევს, გათვალისწინებული უნდა იქნას სისხლის სამართლის კოდექსით”, – აცხადებს DRI.

ორგანიზაციას არგუმენტად მოჰყავს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი, რომლის მიხედვითაც „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“ ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს.

მისივე ცნობით, სისხლის სამართლის კანონის განმარტება მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც, რადგან სასამართლო ამგვარად ცვლის სისხლის სამართლის ნორმას, ამის უფლება კი მხოლოდ საქართველოს პარლამენტს აქვს.

შესაბამისად, პროკურატურის განმარტება, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით, არამედ მუხლი უნდა განიმარტოს მიზნობრივად” კანონიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების სრული უგულებელყოფაა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის პრინციპების უგულებელყოფა სამართალშემფარდებლის თვითნებობით არის გამოწვეული. შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ როგორც ბრალის წარდგენა, ასევე, სასამართლოს მიერ სამივე პირის მიმართ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური შეხედულებების გამო პირთა დასჯას ისახავს მიზნად", – აცხადებს DRI.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S