გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ
09/10/2021 06:29:15 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.
"ვეძებთ კიდევ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება პასუხისმგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ გამოიწვია“,- განაცხადა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების რიტმი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახშირდეს, რაც დარჩენილ სამ ადამიანს იპოვიან:
„თითოეულ აგურსა და „სინკარზე“ მუშაობენ, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი იქნება გაწმენდითი სამუშაოები“.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 10:20 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, მათ შორის – 5 ცხედარი ( 2 ბავშვი, ორი მამაკაცი და 1 ქალი). ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება კიდევ ერთ გადარჩენილს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


