ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს
09/10/2021 10:12:58 სამართალი
ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა.
სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
"დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 7 ოქტომბრამდე მიმალვაში იმყოფებოდნენ. მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას",– მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.
დაცვის მხარე კი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.
ცნობისთვის: თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე,21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.


