ომბუდსმენი რუსთავის მე-17 ციხეში შევიდა: "გავესაუბრები პატიმრებს, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია"
15/10/2021 12:00:04 სამართალი
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გუშინ ხანძარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახალახო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.
როგორც მან ციხეში შესვლამდე აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატს პატიმრების გარდაცვალებაზე ინფორმაცია შესაბამისმა უწყებებმა გუშინ არ მიაწოდეს და მათთვის მომხადრის შესახებ მხოლოდ დღეს, პენიტენციური სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.
ლომჯარიას თქმით, დამატებით დეტალებზე პატიმრების მონახულებისა და მათთან გასაუბრების შემდეგ ისაუბრებს:
"დღეს რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს და დაათავალიერეს შემთხვევეის ადგილი. მათთვისაც ცნობილია, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჩემი ინფორმაციით, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ გავესაუბრები, იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით როგორია მდგომარეობა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის: პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული. ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია.


