მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარედგინა
20/10/2021 16:53:12 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.
„პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა ბრალდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის ფაქტზე ჩატარებულია ასეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, არსებობს არაერთი ვიდეო- და აუდიომტკიცებულება", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ საპატიმროში შესვლამდე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა კი პროკურატურის ბრიფინგს ღიმილისმომგვრელი უწოდა:
„სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელი იყო პროკურატურის ბრიფინგი. განსაკუთრებით იმის გაგება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, დღის საათებში მოძრაობდა; მაგალითად, პროკურატურის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თურმე, ბათუმში, ბულვარში 21:30-დან 22:00 საათამდე არის ჩაწერილი ვიდეო და არა გამთენიისას, როგორც ეს აქამდე გვეგონა. პრაქტიკულად, ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა უბრალოდ ჩამოშლილია ამ ქვეყანაში, - თქვა საძაგლიშვილმა და განაგრძო, - ის ტყუილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ პირველ ოქტომბერს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ტრუსკავეცში და ხან ბუენოს-აირესიდან მოგვესალმებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, უბრალოდ სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოუვლია მთელი საქართველო, ყველა ქალაქში ყოფილა დღის საათებში“.
კიდევ ერთმა ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“:
„მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. აქ არ შეიძლება, იდგეს საკითხი, კონკრეტულმა მესაზღვრემ შეამოწმა თუ არა პასპორტი, არ შეიძლება, იდგეს საკითხი შტამბი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც საქართველოს დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი და ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ასახეს დოკუმენტურად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მრავალი წელი გავა და ქართველი ხალხი იამაყებს მესამე პრეზიდენტის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით“.
პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.
სააკაშვილი ამჟამად ორ საქმეზეა მსჯავრდებული და მას მისჯილი აქვსთავისუფლების 6 წლით აღკვეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.


