ადვოკატი: „მიხეილ სააკაშვილმა არ გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პროკურორს"
20/10/2021 18:06:24 სამართალი
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ კომენტარის გარეშე დატოვა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება. სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, პროკურორმა ბრალდების დადგენილება ციხეში მხოლოდ ადვოკატებს გააცნო.
„მიხეილ სააკაშვილმა არ გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პროკურორს", - თქვა ადვოკატმა.
ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ბრალდებას, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანო გადმოკვეთას, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
„რეალურად ამ ბრალს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია, სასაცილოა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა საზღვრის უკანონო კვეთისთვის, მაშინ, როდესაც უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად გახდომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრები თითქმის არ არსებობდა, დაცულობის ხარისხს ვგულისხმობ. ეს ბრალდება არაფერს არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უსაფრთხოება და სიცოცხლე გარისკა, როდესაც არ წამოვიდა იმ გზით, რაც დაანონსებული იყო, თვითმფრინავით. პრინციპში, მიზეზიც ძალიან ლოგიკური იყო, ვინაიდან ვიცოდით, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა, ის თვითმფრინავი არ დაესვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდომის შემთხვევაში „ქართული ოცნება" გვიანონსებდა კონტრაქციებს და არსებობდა ადამიანების დაზარალების რისკი", - აცხადებს საძაგლიშვილი.
ადვოკატი ბექა ბასილაია ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომის გასამართად გამოიყენებეს მაქსიმალურ ვადას. მისი თქმით, შესაძლოა, პროცესი 40 დღეც არ დაინიშნოს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ელგუჯა ცომაიას დახმარებით შემოვიდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ მიზეზით მას ბრალი დაუმძიმდა.
პროკურატურის ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში არა 1 ოქტომბერს, არამედ 29 სექტემბერს შემოვიდა.


